ლაივის გადაღება

ლაივის გადაღება და გამოწვევები

სტატიაში გვინდა გაგიზიაროთ პრაქტიკაში მოგროვილი გამოცდილება. არაერთხელ ჩატარებულმა ლაივის გადაღებამ დაგვარწმუნა, რომ თითოეული ჩატარებული ტრანსლაცია, სირთულის მიუხედავად, არის ახალი გამოცდილების მომტანი. ჯერ არ გვქონია ლაივი, რომ რამე ახალი არ გვესწავლოს. პრაქტიკაში ყოველ ჯერზე გიწევს ახალ გამოწვევებთან შერკინება. უკეთესი აღქმისთვის გამოწვევებს დავყოფთ რამოდენიმე ჯგუფად:

გადამღები მოედანი. 

ახალ ლოკაციაზე როცა კეთდება ლაივი, თადარიგს ვიჭერთ 2 საათს. ეს დრო საკმარისია ხოლმე მოსამზადებლად. ხანდახან აპარატურის გამართვა კეთდება წინა დღეს. ჩართვამდე დრო სწრაფად გარბის. გაითვალისწინეთ, რომ ადგილზე მისვლისას, არ გამოდის ხოლმე ეგრევე მომზადების დაწყება. გიწევთ ორგანიზატორების ლოდინი, სანამ მოიცლიან თქვენთვის. 

თავიდანვე სასურველია რომ მოაგვაროთ ეს საკითხები: ინტერნეტი, დენი, მაგიდა და სკამი. ეს, როგორც წესი, გასარკვევია ორგანიზატორებთან, ლოკაციაზე. უნდა მოგვარდეს პირველ რიგში, რომ შეძლოთ აპარატურის გამართვა. 

ინტერნეტი. ოპტიკური ინტერნეტი სასურველია ჩართოთ კაბელით, WiFi სარისკოა, თუ სხვა მომხმარებლებიც იყენებენ. დააზუსტეთ, ადგილზე როუტერი თუ არიგებს DHCP-ს, თუ არა, დაგჭირდებათ ip მისამართის გაწერა. ამას აკეთებს IT-ს თანამშრომელი, რომელსაც, ხშირ შემთხვევაში, არსად არ ეჩქარება. სანამ დაიწყებთ კამერების, ხმის და სხვა საკითხების მოგვარებას, ეცადეთ, რომ ინტერნეტის საკითხი გარკვეული გქონდეთ. 4G-ს გამოყენების შემთხვევაში, გაარკვიეთ ადგილზე სიჩქარე, დაბალზე ვერ გაატერებთ სტრიმს, ან მოგიწევთ ხარისხის დაწევა. 2 მბ/წამიდან შესაძლებელია ხარისხიანი სტრიმის გაშვება, რადგან HD 720 სიგნალი ეტევა 2000 კილობიტში. რაც ზემოთ კარგია. ჩვენ, ძირითადათ, ვსტრიმავთ 5000 კილობიტზე, ანუ 5 მბ/წამში. სტრიმის შემთხვევაში მთავარია ატვირთვის სიჩქარე (Upload speed).

დენის წყარო. შეიძლება გაჩვენონ საიდანაც აიღოთ დენი და ეს აღმოჩნდეს საკმაოდ შორს სარეჟისორო პულტიდან, დაგჭირდებათ გამაგრძელებელი.  სასურველია რომ აპარატურა იყოს დამიწებული. თუ შენობაში დენი სათანადოთ დამიწებული არ არის, ამან შეიძლება გამოიწვიოს როგორც ვიდეო/აუდიო სიგნალის ხარვეზი, ასევე აპარატურის გადაწვა. განსაკუთრებით, გაამახვილეთ ყურადღება, როცა იღებთ ხმას გარე აუდიოსისტემიდან. გამოიყენეთ სპილენძის მავთული დენის დასამიწებლად.

სარეჟისორო პულტის გასამართად გჭირდებათ ელემენტარული ავეჯი, მაგიდა და სკამი. თუ ვერ გაწვდიან, ჯობია ესეც მალე გაარკვიოთ. ფანტაზია არ შეზღუდოთ, სურვილი იყოს და სარჟისორო პულტის გასამართ ადგილს მონახავთ.

აპარატურა.

ნებისმიერი ახალი მოწყობილობა, რომლის გამოყენებას აპირებთ ინტერნეტ ტრანსლაციის დროს, უნდა იყოს წინასწარ დატესტილი. შესაძლებელია თავიდან არ ჩაირთოს როგორც გეგმავდით, დიდი ალბათობით დაჭირდება პარამეტრების აწყობა ან პროგრამული განახლება ან სხვა. ადგილზე მაგის დრო შეიძლება არ გქონდეთ, მითუმეტეს როცა თავზე გადგათ მთელი საორგანიზაციო ჯგუფი და ყველა ერთად გეკითხება როდის ვიწყებთ ან რაშია პრობლემაო.

ლაივის გადაღება, ორგანიზატორები
ახალი მოწყობილობაწინასწარ დატესტილი
აკუმულატორებიდატენილი
კამერებიშტატივებით, წინასწარ დაიკავეთ  ადგილები. ივენთზე როცა მოდიან ტელევიზიები, ყველას არ ყოფნის ადგილები კამერების დასადგმელად. მომზადების დროს გაუფრთხილდით, რომ კამერა არ დავარდეს. ქარს შეუძლია შტატივთან ერთად კამერის წაქცევა.
კაბელებიხარისხზე ეცადეთ არ დაზოგოთ. უხარისხო კაბელი იღებს გარედან რადიო-ელექტრონულ ხმაურს. მაგის გამო შეიძლება შეწყდეს ვიდეო სიგნალი ან არ იყოს სუფთა ხმა. თავიდან არ გვქონდა ხარისხიანი სატელევიზო კაბელები, ვიყენებდით ჩვეულებრივ ანტენის კაბელს, შედეგად, რაციების გამოყენების დროს, წყდებოდა სიგნალი კამერიდან პულტამდე.

ხმა.

ხშირად გვიწევს, ლოკაციაზე, ხმის წამოღება ცალკე გამართულ აუდიო სისტემიდან, ლაივის ეთერში გასაშვებად. შეათანხმეთ ხმის რეჟისორთან, თუ რა ინტერფეისით მოგაწვდიან ხმას. ძირითადად ვიყენებთ XLR-ს – იგივე ქენონის კაბელს, ხანდახან TS/TLS Jack. ყველასთვის ცნობილი MiniJack გამოგვდგომია მხოლოდ სინქრონული თარგმანის ხმის წამოღებისას. თუ სტრიმავთ კონცერტს, არ დაგავიწყდეთ, რომ ეთერისთვის ხმის ბალანსი განხსვავდება დინამიკებისთვის ბალანსისგან. ანუ, არ გაგიკვირდეთ, თუ ცენტრალური მიქშერიდან ლაივის ეთერში შემოსული მუსიკა სხვანაირად ისმის ვიდრე დინამიკებში, ადგილზე აკუსტიკაში. გამოსავალი, ხმის რეჟისორმა ლაივის ეთერისთვის ცალკე უნდა დააბალანსოს ხმა და მოგცეთ ცალკე სიგნალი. მაგალითად არა ცენტრალურიდან, არამედ მონიტორიდან. ეს ერთ ერთი გამოსავალია, ასევე შეიძლება გამოგადგეთ დამატებითი მიკროფონები. 

როდესაც ერთვებით გამართულ აუდიო-სისტემასთან, წარმოიქმნება ელექტრონული პოტენციალების სხვაობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოკლე ჩართვა, აქ გამოგადგებათ შუალედური მოწყობილობა, რომელიც აუდიო კაბელში ამიწებს დენს, ან ზოგადი დამიწება.

ლაივის გადაღება, კამერების ადგილი

პროგრამული უზრუნველყოფა.

რეალობიდან გამომდინარე, ხანდახან გვიწევს დაკრეკილი პროგრამების გამოყენება. დადასტურდით, რომ გათიშული გაქვთ განახლებები. არასასურველი იქნება, თუ ადგილზე მოგიწევთ საჭირო პროგრამის ან სისტემის განახლება/გადაყენება.

სტრიმინგ პროგრამებიენკოდერები. უფასო არის OBS. გამოდგება, თუ სტრიმავთ მხოლოდ ვიდეო/აუდიო სიგნალს. უფრო რთული ლაივებისთვის, სადაც სხვადასხვა წყაროების გადართვა გიწევთ, დაგჭირდებათ vMix, მუშაობს მხოლოდ Windows-ზე ან Wirecast, მიდის Mac OSX-ზეც. 

პროცესორული სიმძლავრე. სტრიმინგს ჭირდება დიდი სიმძლავრე, ამიტომ, ლაივისთვის გამოიყენეთ ძლიერი კომპიუტერი, თანამედროვე ვიდეო ბარათით. სტრიმინგ პროგრამა, ანუ ენკოდერი, პროცესში გიჩვენებთ CPU-ს დატვირთვის პროცენტს. თვალი ადევნეთ მას, არ უნდა აჭარბებდეს 80%-ს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დაწვათ პროცესორი. დახურეთ ყველა გამოუყენებადი პროგრამა. ნუ გადატვირთავთ ბრაუზერს გახსნილი გვერდებით.

გრაფიკა.

თუ ორგანიზატორებს წინასწარ გამოაგზავნინებთ ყველა საჭირო გრაფიკულ მასალას, რაც გასაშვები იქნება ეთერში: ლოგოები, სურათები, ტიტრებისთვის ინფო და ა.შ., შეძლებთ წინასწარ მოემზადოთ ეთერისთვის. იდეალურ შემთხვევაში, როდესაც მიდიხართ ტრანსლაციაზე, კომპიუტერზე უკვე გაქვთ დამახსოვრებული პროექტი. ხშირად ხდება, რომ ლაივამდე რამოდენიმე წუთით ადრე გაწვდიან გრაფიკულ მასალას, ვერ ეტყვით უარს და მოგიწევთ ნაჩქარევად, ენკოდერში ცვლილებების შეტანა. ამან შეიძლება გამოიწვიოს ხარვეზი. 

კავშირი გადამღებ ჯგუფთან.

ოპერატიული კავშირი აუცილებელია პირდაპირი ეთერის დროს, ერთმანეთან დარეკვის დრო არ გექნებათ. ჩვენ ვიყენებთ ან რაციებს გარნიტურით ან ინტერნეტ რაციას Zello. უფასო აპლიკაცია ყენდება სმარტფონებზე, მოითხოვს მხოლოდ ინტერნეტს.

გამოქვეყნება.

ფბ გვერდზე სტრიმერი უნდა იყოს დამატებული ედიტორად. ადმინმა რომ დაგამატოთ უნდა იყოთ მეგობრებში. ლაივის დასახელება და აღწერა ივსება ადგილზე. ახალი ტრენდია, ტრაფიკის გასაზრდელად ლაივის crosspost-ით გაშვება სხვადასხვა ფბ გვერდებზე. ესეც თუ გთხოვეს, წინასწარ მოამზადეთ. Crosspost-ის მოთხოვნები გააგზავნეთ შეთანხმებულ გვერდებზე, რომლის ადმინებმა უნდა დაადასტურონ. დასტური ორნაირია. ან ავტომატურად ქვეყნდება ყველა პოსტი, ან დამატებითი დასტური დაჭირდება ყოველ პოსტზე.

რეზიუმე

ხარისხიანი ლაივის შექმნის წინაპირობა არის წინასწარი მომზადება, ორგანიზატორებთან ურთიერთგაგება და პროფესიონალიზმი, რომელიც დაგეხმარებათ მალე აღმოფხვრათ ნებისმიერი პრობლემა. მოგახსენებთ , რომ ლაივსტრიმინგი განსხვავდება რედაქტირებადი ვიდეოსგან იმით, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად გაქვთ ცოტა დრო. პრობლემების მოგვარება გიწევთ პირდაპირი ეთერის დროს, როდესაც ათვლა მიდის წამებზე.

გისურვებთ წარმატებულ ტრანსლაციებს //Livetag

Tags: No tags
0

Comments are closed.